„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს ეძებს. მმართველ პარტიაში გამოთავისუფლებულ ადგილებს ახალი სახეები დაიკავებენ და მათ კონკურსის წესით უცხოური კომპანია შეარჩევს. კონსულტანტები დასავლეთიდან ჯერ პარტიაში არ ჩამოსულან, თუმცა პარტიის ოფისში წევრობის მსურველები ანკეტებს ავსებენ. ახალი სახეების მოძებნა კახა კალაძეს დაევალა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „კურიერს“ უთხრა, რომ უცხოელი კონსულტანტები მმართველ პარტიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სჭირდება.
ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე არ ადასტურებს, თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა განახლებაა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა, გუნდის განახლებაზე ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ განახლება პარტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
„გუნდის განახლებაზე საუბრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდა პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, ასევე მოგვიანებითაც არაერთხელ უსაუბრია მას ამაზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.
"რაც შეეხება თვითონ შერჩევის პროცესს, ეს არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური პროცესის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ზოგადად შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ამ შერჩევის პროცესში, მაგრამ რაც შეეხება კომპანიას, ამ ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.