მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას, არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს ეხება.
ზარდიაშვილი "რუსთავი2"-თან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლეების შერჩევისას უნდა არსებობდეს ორი მთავარი კრიტერიუმი, კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რომელიც მისი განცხადებით, ეკა ბესელიას არ გააჩნია.
"აქ არსებობს ორი მთავარი კრიტერიუმი, ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩნენ მოსამართლეები. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას, არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია. შესაბამისად, მე ვურჩევდი რომ დაანებოს სპეკულაციებს თავი და მოუსმინოს იმ კანონპროექტს, რომელიც დავარეგისტრირეთ,"-განაცხადა ზარდიაშვილმა.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს როლი არ უნდა დაკნინდეს რადგან ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ჩანაწერს.
ვანო ზარდიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები და თქვა, რომ სასამართლო სისტემა მხოლოდ პროფესიონალების შესაფასებელი საქმეა.