ცვლილებები მმართველ გუნდში - „კურიერის“ ინფორმაციით, საკადრო გადაადგილება მინისტრთა კაბინეტშიც იგეგმება. არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქმიანობას დიპლომატიურ კორპუსში გააგრძელებს, მინისტრის პორტფელს კი შეერთებულ შტატებში ელჩი დავით ბაქრაძე ჩაიბარეს. სწორედ მას ჩაანაცვლებს ელჩის პოზიციაზე სავარაუდოდ დავით ზალკალიანი.
აღნიშნულ ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ორივე მათგანი თავის საქმიანობაში წარმატებულია და მსგავსი ცვლილების საჭიროება არ დგას.
„“კურიერს“ საინტერესო ინფორმაციები აქვს ხოლმე, არ ვადასტურებ. ეგეთი საკითხი არ განიხილება. გადანაცვლება-გადმონაცვლება, მშვენიერი ელჩი გვყავს, ძალიან წარმატებული მინისტრი, ამ ეტაპზე ეგეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ინფორმაციას არ ადასტურებს არ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. სოფიო ქაცარავას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქმიანობას აგრძელებს და ის კანონმდებლების წინაშე მომავალ კვირას, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით წარდგება.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს დავით ბაქრაძე.