„ფრესკო“ დამფუძნებლის ბრალდებებს ზეწოლასა და ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო პასუხობს - უწყება ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც კომპანია "ფრესკოში" დაწყებულ საგადასახადო შემოწმებაზეა საუბარი. წერია, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო „ფრესკოს “ საგადასახადო შემოწმება. შემდგარია აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს დავების განხილვის საბჭო.
„საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვაჩნია, რომ „შპს. ფრესკოს" დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ფინანსთა სამინისტრო უარყოფს
სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზეც,“-ნათქვამია განცხადებაში.
„ფრესკოს“ დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე ამტკიცებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის წინააღმდეგ დაწყებული შეტევა კი უსაფუძვლო. "ფრესკოს" დამფუძნებელი ფინანსთა სამინისტროს მისი თანამშრომლების წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს ახსენებს და საკუთარ მიმართვაში ბრალდებებს საგამოძიებო ორგანოებსაც უყენებს.