ქართული ოცნება მკვდარი პოლიტიკური პროექტია და ახალი სახეები პარტიას ვერ უშველის - ასე ეხმაურება ოპოზიცია მმართველ პარტიაში დაწყებულ კასტინგს.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ახალი სახეები თავად იკვლევენ გზას პოლიტიკაში და მათ საპოვნელად კომპანიის დაქირავება არ არის საჭირო.
„ზოგადად ეს სახეები პოლიტიკურმა ლიდერმა კი არ უნდა მოახვიოს თავზე საზოგადოებას, არამედ პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებმა, რომლებსაც აქვთ რეალურად საზოგადოებაში შესაბამისი ნდობა და ავტორიტეტი, თავად უნდა გაიკვლიონ პოლიტიკაში გზა. ეს არის ნორმალური ვითარება და არა ის , რომ ვიღაც კომპანია კასტინგს ჩაატარებს. მერე იქიდან წარუდგნენ ბატონ ბიძინას რაღაც სიას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეების შესარჩევად მმართველ პარტიაში დაწყებულ პროცესს იუმორით უყურებენ. რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ მალე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მაგიდები მეტროს შესასვლელებთან დადგან და ხალხის შერჩევა დაიწყონ.
„ერთს ჰგონია, რომ ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი და სადღაც სკივრებიდან ამოიყვანეს ძველი ე.წ. გვარდია. ოღონდ ნაფტალინის დაყრა დაავიწყდათ და არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან. ხოლო ოცნების მეორე ფრთას მიაჩნია ახალი კადრების შერჩევა სადღაც კონკურსით ადამიანების მოზიდვა როგორც ჯარში ხდება რეკრუტირება. მეტროებთან ალბათ დადგამენ მაგიდებს და დაიწყებენ მეგაფონებით გამოცხადებას გვსურს ქართულ ოცნებაში შემოვიდეს ასეთი ადამიანი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ქართული ოცნებისთვის“ სახეებს სოზარ სუბარი ეძებს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ხელმძღვანელი ქართული ოცნების განახლების პროცესს ხელმძღვანელობს. თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახალ კადრებს მხოლოდ სუბარი არ ეძებს. გია ვოლსკის თქმით ამ ახალი კანდიდატების ძებნა პარტიის სხვა წევრებსაც აქვთ დავალებული.