მთავრობის განკარგულებით, კრიმინალის შესახებ სერიალის გადაღება ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ბრძანებას ხელს პრემიერი აწერს. მამუკა ბახტაძემ ახალი ტელესერიალის გადაღებები სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტად გამოაცხადა.
25 თებერვლის განკარგულებით ირკვევა, რომ დოკუმენტური სერიალის გადაღება მთავრობას ძალიან ეჩქარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური სერიალის გადამღებ კომპანიას არა კონკურსის, არამედ პირდაპირი წესით შეარჩევს.
თითქმის ნახევარ მილიონ ლარად გადაღებული სერიალით შსს შეეცდება, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა აამაღლოს, ხალხში უსაფრთხო გარემოს განცდა შექმნას და სამთავრობო რეფორმების პოპულარიზაცია მოახდინოს.
ქართული სერიალი ამერიკული „48 საათის“ მსგავსი იქნება და რეალურ კრიმინალურ ისტორიებს დაეფუძნება.
რომელი კომპანია იქნება ძალოვანი უწყების პარტნიორი, რომელიც დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს და რა დაუჯდება ეს მოსახლეობას, გახარიას უწყება დეტალებს ჯერ საიდუმლოდ ტოვებს.
ოპოზიციამ უკვე გამოითხოვა დოკუმენტები, რათა გაარკვიოს, რომელი ტელეარხისთვის აპირებს ნახევარი მილიონი ლარის მიცემას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, შს სამინისტრო ხალხს დასცინის, როდესაც კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის.
"ქართული ოცნების" წევრები კი მიიჩნევენ, რომ გახარიას უწყება საზოგადოების საჭიროებებს სწორად აცნობიერებს და პრიორიტეტებსაც სათანადოდ განსაზღვრავს.
დოკუმენტური სერიალის გადაღების სურვილი და გეგმა სამინისტროს ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდა. უწყებამ მაშინ 110 სერიან ფილმზე ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა ორი მონაწილე კომპანიიდან ვერცერთი შეარჩია და პროექტი ჩავარდა. ძალოვანი უწყება მზად იყო კრიმინალური სერიალისთვის 440 ათასი ლარი გადაეხადა. ახლა კი სამინისტრო გეგმის განხორციელებას უკვე პირდაპირი შესყიდვის წესით ცდილობს.