მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას ტყუილსა და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. სერგო მეთოფიშვილის შეფასებით, ეკა ბესელიას რეალურად სასამართლოს საკითხი არ აინტერესებს და „ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი გუნდში არსებული დაპირისპირება გახდა.
მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს და იხსენებს, რომ ეკა ბესელიამ 2018 წელს ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან შეხვედრის დროს სასამართლოში არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
სწორედ ამიტომ, მეთოფიშვილისთვის გაუგებარია ეკა ბესელიას პოზიცია, რომელმაც მმართველი გუნდი სწორედ მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობის გამო დატოვა.
„ქალბატონი ბესელია ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტით, როდესაც საუბარია სასამართლოს მიმართებით. ყველაზე ცუდია ის, რომ ჩვენ გვატყუებს, გვატყუებს - კიდევ არაუშავს, ჩვენს საზოგადოებასაც ატყუებს - ძლიან ცუდია, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლო სისტემა, სინამდვილეში მას არ აინტერესებს არც რეფორმები, სინამდვილეში მას არ აინტერესებს არც სასამართლოს პრობლემები, სინამდვილეში მას აინტერესებს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. ამოიდო იღლიაში ეს სასამართლოს თემა და ასე დაიწყო ლანძღვა-გინება სასამართლოს,“ - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
რაც შეეხება მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელზეც სამუშაო ჯგუფი მსჯელობდა, სერგო მეთოფიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს.