19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ჰაკერული შეტევა TBC-ზე - სალომე სამადაშვილის თქმით, გამოძიების შემთხვევაში კვალი ხელისუფლებასთან მივა 

არ დაიწყებენ ეფექტიან გამოძიების პროცესს იმიტომ, რომ კვალი აუცილებლად მივა პოლიტიკურ დაკვეთასთან, რომელიც მიიღო „ქართული ოცნებისგან“ - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ბანკზე განხორციელებულ ჰაკერულ შეტევას ეხება. 

"თიბისი ბანკზე" კიბერთავდასხმა რუსთაველის 12 ნომრიდან ხუთი თვის წინ განხორციელდა. თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და სამართალდამცავ ორგანოებს არავინ დაუკავებიათ. 

სალომე სამადაშვილი ბანკზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან ხელისუფლების ინტერესს ხედავს. 

„იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმის დამკვეთი, სავარაუდოდ, იყო თავად ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისი უწყებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ პროკურატურა, არ დაიწყებენ ეფექტიან გამოძიების პროცესს იმიტომ, რომ კვალი აუცილებლად მივა პოლიტიკურ დაკვეთასთან, რომელიც მიიღო „ქართული ოცნებისგან“ შესაბამისმა პროქსი ჯგუფებმა, რომლებიც ამ თავდასხმას ახორციელებდნენ ტროლების ფაბრიკიდან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბანკზე ორკესტირებული შეტევა მათ შორის კიბერთავდასხმითაც განხორციელდა, რის შესახებაც საგამოძიებო უწყება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა, გამოძიება ამ დრომდე წინ არ წასულა.

ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა შეტევის განეიტრალება მოახერხა და დაადგინა ის IP მისამართები, საიდანაც შეტევა დაიწყო. ე.წ. ტროლების ფაბრიკა, „კურიერის“ ინფორმაციით, რუსთაველის 12 ნომერში იყო განთავსებული, სადაც ხელისუფლების დაკვეთით ყალბი ახალი ამბები იქმნებოდა. "კურიერს" წყარო უყვება, რომ საგამოძიებო უწყებებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ისინი გააჩერეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები