არასამთავრობო ორგანიზაციები, TBC ბანკზე განხორციელებული კიბერთავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ბანკზე მიტანილ კიბერიერიშებს პერსონალური მონაცემების მოპოვების მცდელობას უკავშირებს.
საქმე ეხება, 5 თვის წინ "თიბისი ბანკზე" მომხდარ კიბერთავდასხმას, რა დროსაც ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჰაკერებმა კარგად ორგანიზებული იერიში მიიტანეს.
გიგაური საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ TBC-ზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, შესაძლოა თავდამსხმელებს ნებისმიერი მოქალაქის პირადი ინფორმაცია ჩავარდნოდათ ხელში.
„აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბანკის რეპუტაციის შელახვაზე საუბარი. როდესაც კიბერთავდასხმაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სავარაუდოდ, იმათ, ვინც კიბერთავდასხმას ახორციელებს, მათ უნდათ, მოიპოვონ პერსონალური ინფორმაცია ბანკის კლიენტებთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს ჩემი, თქვენი და სხვების საბანკო ინფორმაცია, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და არის ფაქტობრივად, საგანგაშო რამ,“ - ამბობს გიგაური.
ეკა გიგაური სამართალდამცავ ორგანოებს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერშეტევის საქმის ამ დრომდე გამოუძიებლობა უფრო მეტ კითხვას აჩენს.
„ამიტომ ამაზე, როდესაც რეაგირება არ არის საგამოძიებო ორგანოების, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. მე ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო რეაგირების გარეშე ნამდვილად არ დარჩება და ეს იქნება კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნისთვის რეპუტაციული პრობლემა. მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება საუბრობს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, ის არა მხოლოდ არ რეაგირებს ტროლების ფაბრიკაზე, არამედ არ რეაგირებს იმაზეც, რამაც შეიძლება ფინანსურ ინსტიტუტს დიდი პრობლემა შეუქმნას,“ - განაცხადა გიგაურმა.
თიბისი ბანკზე განხორციელებულ კიბერ თავდასხმაზე განცხადება მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკზე ორკესტირებული შეტევა მათ შორის კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შესახებაც საგამოძიებო უწყება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა, გამოძიება ამ დრომდე წინ არ წასულა.
ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა კი შეტევის განეიტრალება მოახერხა და დაადგინა ის IP მისამართები, საიდანაც შეტევა დაიწყო.
ე.წ. ტროლების ფაბრიკა, „კურიერის“ ინფორმაციით, რუსთაველის 12 ნომერში იყო განთავსებული.