ზონალური და საათობრივი პარკინგი - საკრებულოში წინადადების განხილვა ხმაურიანი დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
საკითხს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე განიხილავდნენ. "ქართული ოცნების" შემოთავაზებული მოდელი ოპოზიციისთვის მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საათობრივი პარკირების მოდელი არ იმოქმედებს, რადგან ქალაქში პარკინგების პრობლემა მოუგვარებელია.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პირობის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედანზე მრავალდონიანი პარკინგი რომ აეშენებინა ახლა ლესელიძის ქუჩასა და კოტე აფხაზის ქუჩაზე პრობლემები მოხსნილი იქნებოდა.
“როდესაც ვსაუბრობთ, რომ საპილოტე პროექტად შემოგაქვთ ორი ქუჩა, რომელიც ეხება ლესელიძეს, მათ შორის ეს არის ტურისტული ზონა. დასაწყისში ლესელიძის, რიყის პარკი, ეს არის ერთიანი ტურისტული სივრცე იქ მრავალსართულიან პარკინგი ჩვენ ავაშენეთ. აგერ მეორე თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილს უნდა აეშენებინა, მაგრამ თითი-თითზე არ დაუდევს. შეიძლებოდა ეს აშენებულიყო და ამით ამ ორი ქუჩის პრობლემა ამით მოხსნილიყო,“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას პოპულისტური უწოდა თბილისის ვიცე-მერმა. მისი თქმით, 2009 წელს, როცა "სითი პარკი" შემოიყვანეს ხელშეკრულებაში იდო საათობრივი პარკირება, მაგრამ ხმალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებას ხალხის პროტესტის შეეშინდა და საათობრივი პარკირების შესახებ ხელშეკრულება შეცვალა.
„შეგეშინდათ, ვერ გააკეთეთ, ხელშეკრულება შეცვალეთ და გადაიყვანეთ წლიურ საფასურზე. ეს რომ გაგეკეთებინათ დღეს გაცილებით სუფთა იქნებოდა ჰაერი, უკეთესი ავტოპარკი იქნებოდა და საცობიც უფრო ნაკლები იქნებოდა,“-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამ დროისთვის არ არის ცნობილი, როგორ განისაზღვრება საათობრივი პარკირების საფასური, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, საათი სამი ლარი ღირდეს.
საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ საათობრივი პარკირების დაწესების შემთხვევაში ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გარკვეული ზონები უფასო იქნება.
საპილოტე ვერსიის განხორციელება ლესელიძისა და კოტე აფხაზის ქუჩებზე იგეგმება. განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.