თეა წულუკიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ მისი მოთხოვნები სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, მაშინ ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მის უწყებაში არის რამდენიმე ისეთი თემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. როგორც წულუკიანი აცხადებს, ახლა სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია.
მინისტრი ამბობს, რომ თუ ეს თემები ისე არ გადაიჭრა, რომ მისი აზრი იქნა გაზიარებული, ის „გვერდზე გადგება.“
„არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია.
მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას, თუნდაც ამჟამად მიმდინარეს პარლამენტში არ ეხება, ეს არის საკითხი, რომელიც მე ვთვლი, რომ არის მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის, და თუ ვნახე,რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის ფასეული. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანი არ ასახელებს იმ საკითხებს, რომელთა ირგვლივაც, როგორც თავად ამბობს დისკუსია მიმდინარეობს. თუმცა, იუსტიციის მინისტრი დაზუსტებით ამბობს,რომ თუ დისკუსია ისე დასრულდება, რომ მისი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, ის იტყვის,რომ ცდებოდა და მის უფლებამოსილებას უკვე სხვა შეასრულებს.
„თავს შევიკავებ, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში. თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს არ იქნება გაზიარებული ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას.
ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი," - განაცხადა წულუკიანმა.