გაზაფხულზე, მთაწმინდამ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. „კურიერის“ ინფორმაციით, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებას ერთი კანდიდატის გარშემო აპირებს.
ოპოზიციის მოსალოდნელი გაერთიანების შემთხვევაში, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი შესაძლოა ალეკო ელისაშვილი იყოს. ელისაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან მოლაპარაკებებს ადასტურებს, თუმცა იქნება თუ არა თავად ის ერთი, ვისაც მთელი ოპოზიცია დაეყრდნობა, ჯერ არ იცის.
„კურიერის“ ინფორმაციით, ოპოზიცია ახლა არჩევანის ზღვარზეა, მხარი ან ალეკო ელისაშვილს ან შალვა შავგულიძეს დაუჭიროს. შალვა შავგულიძეს მისი პარტიის გარდა, ლობირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. სანდო წყაროს ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნის იდეაზე მუშაობენ და მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება. „ევროპულ საქართველოსა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის უკვე არსებობს შეთანხმება, რომ შუალედურ არჩევნებში მხარს ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ და კონკურენტები არ იქნებიან.
საერთო ოპოზიციური კანდიდატის შერჩევის აუცილებლობაზე საუბრობს ანა დოლიძეც. თუმცა შედგება თუ არა ფორმულა - ყველა მინუს ივანიშვილი - ეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ კანდიდატებზეც იქნება დამოკიდებული.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ხელისუფლება ფსონს ლადო კახაძეზე დადებს. კახაძე მთაწმინდაზე კენჭისყრას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მისთვის ეს შეთავაზება ჯერ არავის გაუკეთებია.
მომავალი შუალედური არჩევნები რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციაა, ამაზე პოლიტიკურ სპექტრში სულ უფრო მეტს საუბრობენ. თუ ოპოზიცია გაერთიანებას და ერთიანი კანდიდატით მმართველი პარტიის დამარცხებას შეძლებს, მაშინ ივანიშვილს გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. სახელისუფლებო გუნდი ჯერჯერობით არ ჩქარობს, თუმცა აქტიური კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.