„მოსამართლეს დღეს აქვს შანსი სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს და ჯანსაღი აზრის ფარგლებში დაბრუნდეს," - დავით კირკიტაძის სასამართლოს პროცესს "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც ესწრებიან.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის თავდებობაზე თანხმობა პარლამენტის 27 დეპუტატმა გამოთქვა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, სამართლებრივად არ არის სწორი დავით კირკიტაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვება.
"არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დარჩეს. სამართლებრივად ეს არის აბსურდი, პროკურატურამ იმთავითვე არაადექვატური მუხლი წაუყენა პოლიტიკურ აქტივისტს, რომელმაც შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ მას წაყენებული აქვს მუხლი, რომელსაც ყაჩაღობის დროს, პისტოლეტს ან ავტომატს რომ ესვრის პოლიციელს ის მუხლი აქვს წაყენებული,“-განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, თუ არ იქნა გამიჯნული, რომ ყაჩაღსა და პოლიტიკურ აქტივისტს ერთი და იმავე მუხლით არ ედავოს ბრალდების მხარე, მაშინ ქვეყანა სამართლებრივი სივრციდან გავა.
„ამით მართლმსაჯულების დანგრევა ხდება. მაშინ ჩვენ წინ ვერ წავიწევით და მაშინ სამართლებრივი სივრციდან თუ გავედით ყველამ იმით უნდა დაიცვას თავი, რითაც შევძლებთ და მივიღებთ სრულ ქაოსს და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი“ - განაცხადა უგულავამ.
დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.