„როგორც კი ეს პოლიცია დავინახე, უკვე ყველაფერი გასაგები იყო, რომ ამ ე.წ. მოსამართლეს ქალბატონ ნემსიწვერიძეს მითითება, ინსტრუქცია უკვე მიღებული ჰქონდა იმაზე, როგორ უნდა დაემთავრებინა სასამართლოს ეს სხდომა,“- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას.
ვაშაძე თანაგუნდელის პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ კირკიტაძე უკანონო პატიმარია.
„მიუხედავად იმისა, რომ წინა სხდომაზე მოითხოვა - მაჩვენეთ ეს პარლამენტარები და მაჩვენეთ ის ხალხი, ვინც აიღო პასუხისმგებლობა, ვინც თავდებად დაუდგა ბატონ დავით კირკიტაძეს, მინდა შევამოწმო მართლა ესმით თუ არა ის სამართლებრივი ვალდებულებები, რომელიც აიღესო. აგერ არის 27 პარლამენტარი და დაახლოებით, 4 ათასამდე პარლამენტარი, მაგრამ ინსტრუქცია უკვე მიღებული ჰქონდა, ასე, რომ ჩემთვის ეს განჩინება, გადაწყვეტილება, რაც გამოიტანეს, სრულად გასაგები არის,“ - განაცხადა ვაშაძემ.
სასამართლო პროცესზე დღეს ის 27 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც სასამართლოს წერილობით მიმართეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კირკიტაძის გათავისუფლების შემთხვევაში მის ქცევა პასუხისმგებლობა აეღოთ. თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არც კი განიხილა და კირკიტაძე ისევ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა.