19 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
არც კი ვიცი ამ დისკუსიის დეტალები - ირაკლი კობახიძე წულუკიანი-პრემიერის დავაზე

პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის ულტიმატუმს და შემდგომ თეა წულუკიანის მოთხოვნებზე პრემიერ-მინისტრის პასუხს გადაცემა არჩევანში ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მან არ იცის, ზოგადად რა საკითხს გულისხმობდა თეა წულუკიანი, როდესაც თქვა, რომ, თუკი მას არ მიეცემოდა საშუალება, განეხორციელებინა კონკრეტული რეფორმები სამინისტროში, მაშინ ის წავიდოდა. მალევე თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მასსა და პრემიერს შორის შეთანხმდება შედგა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს უჭირს საუბარი იმაზე, თუ რა სახის დისკუსია შედგა თეა წულუკიანსა და მამუკა ბახტაძეს შორის.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი დაპირისპირება არ იყო და ის მარტივად მოგვარდა.

მისივე თქმით, მთავრობის შიგნით ურთიერთობები არის მთავრობის შიდა საქმე და პარლამენტის ჩარევის საჭიროება არ აღმოჩნდა.

„მე, სამწუხაროდ, არც კი ვიცი ამ დისკუსიის დეტალები. როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას პრემიერმინისტრსა და მთავრობის ერთ-ერთ წევრს - მინისტრს, შორის, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა უნდა გაირკვეს ამ ორ თანამდებობის პირს შორის. მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, ჩაერთოს პარლამენტი ან პოლიტიკური გუნდი, თუ მწვავდება ეს საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არის თუ არა მმართველ გუნდში კრიზისი და იყო თუ არა, თუნდაც, თეა წულუკიანის ულტიმატუმი ამ კრიზისის ნაწილი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი ხდება.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ მმართველობა არის დემოკრატიული და როდესაც შეიძლება, იყოს უთანხმოება პრემიერსა და მინისტრს შორის, შეიძლება ისინი დასხდნენ და გადაწყვიტონ პრობლემა. რაც შეეხება კრიზისს, მე მახსოვს 2011 წლიდან არის საუბარი ოპონენტების მხრიდან კრიზისზე და ამის შემდეგ ქართულმა ოცნებამ მოიგო 6 არჩევნები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები