ანაკლიის პორტის პროექტის შესაძლო ჩავარდნას გამორიცხავს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევანის ეთერში თიბისი ბანკსა და მის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს განხორცილების საფრთხე არ ემუქრება.
„ეს არის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტი, ანუ, აქაც შევდივართ რაღაც აბსურდში - ხელისუფლებას აბრალებენ იმის დაბლოკვას, რასთან დაკავშირებითაც თვითონ მიიღო გადაწყვეტილება... ეს გადაწყვეტილება არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში,“ - ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ანაკლიის პორტის პროექტი გაწერილია და მისთვის მამუკა ხაზარაძის კრიტიკა მიუღებელია.
კობახიძე აანონსებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში გაეცნობა.
„ამასთან დაკავშირებით, თუ რა ვალდებულება როგორ შესრულდა სახელმწიფოს და კერძო სუბიექტის მხრიდან ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, შესაბამისი კომერციულ ორგანიზაციის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას,“ - აღნიშნა კობახიძემ.
ის ამბობს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რომ პორტი აშენდეს, ხოლო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ინტერესში შედის პროექტის დაბლოკვა, სპეკულაციას წარმოადგენს.