19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით შესაძლოა, მხოლოდ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ისარგებლონ 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით შესაძლოა არა ყველა რელიგიის, არამედ მხოლოდ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ისარგებლონ. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.

ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტით, გაუქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. თუმცა „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ცვლილება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

ირაკლი სესიაშვილი „გირჩის“ იმ კამპანიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პოლიტიკური გაერთიანების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, „ფარატინა ქაღალდით“ მოქალაქეები სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს არიდებენ და გაწვევის სისტემას პრობლემა ექმნება.

ირაკლი სესიაშვილ-ის სურათის შედეგი„ამ ფარატინა ქაღალდით მიდიან წვევამდელები გამწვევ პუნქტში და სამხედრო ვალდებულებას თავს არიდებენ, რაც საერთო ჯამში სერიოზულ პრობლემას უქმნის გაწვევის სისტემას. ფაქტობრივად, წვევამდელების გაწვევა არის შეფერხებული. ჩემი აზრით, ეს არის ერთი მხრივ, არაკეთილსინდისიერი მიდგომა, კანონის ამ მუხლის გამოყენება, მეორე მხრივ, ეს არის კორუფციის წყარო. ცნობილია „გირჩთან“ ასოცირებული ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც 20-დან 100 ლარამდე იღებს თანხას იმ ერთ ფარატინა ქაღალდში. საერთო ჯამში, თუ არ ვცდები, 6 ათას 500-მდე წვევამდელმა გამოიყენა ეს ფურცელი. 300 ათას ლარზე მეტიც შეიძლება გამოვიდეს ის თანხა, რაც მათ შეუვიდათ ამ ერთი ფურცლის გამო,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილმა კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს სურვილის შესაბამისად, შეეძლებათ, რომ დაცვის პოლიციაში იმუშაონ, რაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად ჩაეთვლებათ.

დღის ამბები