ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ყველა საერთაშორისო აქტორი - საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი შემაშფოთებელია.
მინისტრის თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობას წვდომა ჰქონდეს.
„ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება ამისდა მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. მყისიერად გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან მათ შორის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებთან, გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან, ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანს დღეს ამ საკითხზე საუბარი პარლამენტში მოუწევს. მინისტრმა კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე, მცოცავი ოკუპაციისა და საოკუპაციო ზოლიდან მოქალაქეების გატაცების შესახებ დეპუტატების მწვავე კითხვებს უნდა უპასუხოს.
მინისტრს დეპუტატები 15:00 საათზე ელოდებიან.