საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტი კვლავ გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილეს. სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ვიზიტს დღეს ასრულებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი ინტერესია, რომ ტერიტორიული მთლიანობა დაცული იყოს.
„კონფლიქტები არის, ალბათ ჩვენი რეგიონისთვის ის, რაც ყველაზე უფრო აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოს ტერიტორიაზე არის ორი ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენთვის, თუ ვლაპარაკობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, არარატ მირზოიანის თქმით, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის.
„ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრება უამრავ საკითხთან თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავეს ხმის მიცემისგან ისეთ საკითხებში, რომელიც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან,“ - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, არარატ მირზოიანმა.