ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები - პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს დეპუტატების კითხვებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა.
პარლამენტში მინისტრის, დავით ზალკალიანის მოსმენა ამ წუთებში იწყება.
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა მამაკაცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო, დეპუტატებს კითხვები დავით ზალკალიანთან ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებს და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ექნებათ.
ოპოზიციაში აინტერესებთ, რა ქმედით ღონისძიებებს ატარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
ასევე ხელისუფლების ოპონენტების კითხვა შეეხება იმ სტრატეგიას, თუ რა გზით გეგმავს საგარეო უწყება არსებული ვითარების შეცვლას და რას აკეთებს, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებების გამო, შესაბამისი საფასური გადაიხადოს.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჩიხშია შესული.
„მაშინ, როდესაც ჩიხში შევიდა რუსეთთან ურთიერთობები და ამავე დროს ჩიხში არის შესული ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება, რა უნდა გააკეთოს რუსეთის მიერ მორიგ ძალადობაზე პასუხად. აპირებს თუ არა, მაგალითად, ბატონი ზალკალიანი დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან რუსეთზე სანქციების დაწესების საკითხზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთ-ერთი მთავარი კითხვა აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც შეეხება. სამადაშვილს აინტერესებს, რატომ არის აბაშიძე პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი და იგეგმება თუ არა ამ ფორმატის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობაში გადასვლა.
„აპირებს თუ არა, რომ მოითხოვოს აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა. ამ ფორმატის არსებობა საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეთ ზოგადად, არის გაუგებარი ჩემთვის,“ - ამბობს სამადაშვილი.
დავით ზალკალიანმა სალომე სამადაშვილის კრიტიკა დღეს გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა, როდესაც მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასა.
„ძალიან მწვავე საკითხები მექნება იმ შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით. მაინტერესებს, სჯერა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში იშველიებს ისეთ წყაროებს, რომლის მიმართაც ნდობა არ გააჩნია, როგორც არის მაგალითად, არასამთავრობო სექტორი საქართველოში,“ - ამბობს სამადაშვილი.
დავით ზალკალიანის თქმით, დოკუმენტში ამერიკის მხრიდან შეფასება არ არის გაკეთებული. მისი განცხადებით, ანგარიშში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეფასებების ერთობლიობა.