19 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს და ცუდ მესიჯებს აგზავნიან" - ეკა გიგაური მოსამართლეებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ბრალდებებს, რომლის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაცია მოხვდა, ეკა გიგაური ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საბჭოს წევრები საკუთარი შეფასებით არასასურველ მესიჯებს აგზავნიან. ასევე, მისი თქმით, უხერხულია, როცა ამერიკის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ეჭვი შეაქვთ. 

ეკა გიგაური-ის სურათის შედეგი

"ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ ისინი პირველ რიგში სახელმწიფო დეპარტამენტს და ძალიან ცუდ მესიჯებს აგზავნიან მათ მიმართ. ანუ, ფაქტიურად, ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ ამოწმებს იმ ინფორმაციას, რომელსაც დებს ანგარიშში. ცხადია, ისინი ამოწმებენ ამ ყველაფერს და დებენ ამ ანგარიშში მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც არის სანდო. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ამ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს ყურადღება მიაქციონ როგორც საბჭოს წევრებმა, ასევე საქართველოს ხელისუფლებამ. იმიტომ რომ, დღეს პირველად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ანგარიშში არის ესეთი ტერმინი -კლანი გამოყენებული და პირდაპირ საუბარი არის ანგარიშში, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები მართლმსაჯულებაში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშის გამო, მოსამართლეები არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირდნენ. 47-გვერდიან ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს ეხება, სასამართლოს სისტემა მწვავედ არის გაკრიტიკებული და გახმაურებულ საქმეებზე წერია, რომ ბრალდებულებმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს.

მოსამართლეები ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების ქვეშ მოექცა, რამაც ვაშინგტონი აიძულა, ყალბი ფაქტები მათ ანგარიშში აესახათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები