19 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს როგორც ერთმანეთის ალტერნატივები - მესამე სექტორი პარლამენტში წარდგენილ სამ კანონპროექტზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და სამი ალტერნატიული კანონპროექტი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

კანონპროექტის განხილვას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და გამოთქვეს ინიციატივა, რომ ვენეციის კომისიას განსახილველად სამივე კანონპროექტი გადაეგზავნოს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნაში სამივე კანონპროექტის შესახებ უნდა დააფიქსიროს პოზიცია.

„კომისიამ უნდა შეაფასოს როგორც ერთმანეთის ალტერნატივები. არა მარტო თითოეული კანონპროქტი კონსტიტუციასთან მიმართებით კონსტიტუციურია თუ არა, უნდა ნახოს მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტი უკეთესია თუ არა დანარჩენ ორ კანონპროექტთან მიმართებით, რომელი კანონპროექტი სჯობია. ამიტომ, ამ თვალით რომ წაიკითხოს ვენეციის კომისიამ და კონტექსტი უკეთ აღიქვას, რომ ერთდროულად სამივე კანონპროექტი შეაფასოს და ერთ დასკვნაში უნდა დაწეროს სამივე კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება,“ - ამბობს ვერძეული.

ვერძეულის პოზიციას იზიარებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძემ. მისი თქმით, სამივე კანონპროექტი ერთდროულად უნდა შეფასდეს.

„მხოლოდ ერთი კანონპროექტია გაგზავნილი, იმ კანონპროექტზე თუ იტყვის, რომ კარგია და იდეალური, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ორი ცუდია, ამიტომ ერთდროულად უნდა შეფასდეს და კონტექსტი უნდა იყოს ცხადია მათ შორის, გათვალისწინებული,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეიდან იმ სამი კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებია გაწერილი.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის 6-მა დეპუტატმა მოამზადეს, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

დღის ამბები