მწვავე კამათი და დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმებს განიხილავდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ოთარ კახიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის მოხდა. ასევე, უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში საკუთარი წინადადებით მივიდა.
უმრავლესობა არცერთ ალტერნატიულ წინადადებას მხარს არ უჭერს და მათთვის მისაღები მხოლოდ ირაკლი კობახიძის კანონპროექტია, რომელსაც ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, ამბობს, რომ სასამართლოში არსებული კლანი ივანიშვილს ემსახურება და არსებული მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
„ევროპული საქართველო მხარს უჭერს ნებისმიერ იმ მოდელს, რომელიც დღეს არსებულ სასამართლოს მმართველ კლანს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას უქვემდებარებს ბიძინა ივანიშვილს, როგორმე ჩამოვართვათ ეს მონოპოლია ამ სისტემაზე, ვინაიდან სხვაგვარად პერსპექტივა ჩვენი სასამართლოს გაჯანსაღების უბრალოდ არ არსებობს. მთავარი, რასაც ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, მათ სურთ, ამ კლანის შენარჩუნება, აქვთ ილუზია, რომ ეს რამენაირად მათი ხელისუფლების გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.