„ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზეა საუბარი.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც ის მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს.
პარტიას რომ განახლება და ახალი სახეები სჭირდება, ამაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძეც. მისი თქმით, პარტიაში ცვლილებები ყრილობაზე გახდება ცნობილი.
„დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები. იქნება პარტიის ყრილობა და პარტია, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ლიდერი და ლოკომოტივი, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ოპოზიცური ფლანგის, საჭიროებს შემდგომი ენერგიის მიცემას, განახლებას,“ - განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც სააკაშვილი შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობს.
„შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არის ამ პარტიის შემქმნელი, ლიდერი, მაგრამ დღეს აქ საუბარი არის ადგილობრივი სტრუქტურების განმტკიცებაზე, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების უსამართლო ქმედებების გამო უშუალოდ შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ ღებულობს მონაწილეობას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაავრცელა. ენმ-ს ლიდერმა პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, პარტიის ბირთვი უახლოეს მომავალში შექმნის ამ აპლიკაციას და პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე ხმის ელექტრონულად მიცემა შეეძლება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მეთოდით ისინი ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან პროცესსა და გადაწყვეტილებაში. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა პროცესებზე და მმართველობაზე ყველამ უნდა აიღოს.