2020 წლისთვის პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციამ მილიონი ხელმოწერის შეგროვება უკვე დაიწყო და საკუთარი პოზიცია დღეს არასამთავრობო სექტორსაც გააცნო.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანია, 2020 წლისთვის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ისინი გეგმავენ, რომ მილიონი ხელმოწერა მოაგროვონ.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, ისინი მარტივად შეძლებენ ხელმოწერების შეგროვებას.
„230-250 ათას შევაგროვებთ ძალიან სწრაფად. ხელისუფლების არაადეკვატურობიდან გამომდინარე არ მგონია, ისინი დათანხმდნენ, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს მოკავშირეებს, რაც შეეხება ეუთოს, რაც შეეხება ყველა იმ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიის ბედი აღელვებს, მათ კიდევ ერთი არგუმენტი ექნება იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, საქართველოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ლამის საოკუპაციო რეჟიმად გადაიქცეს მალე,“ - განაცხადა ვაშაძემ.
არჩევნების დროს მოსახლეობის აზრის დაფიქსირების საუკეთესო გზად პროპორციული სისტემას ასახელებს „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა. მისთვის მიუღებელია „ოცნების“ მიდგომა, რომ საარჩევნო სისტემა 2024 წლისთვის შეიცვალოს.
„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ამ პრობლემის გასაღებს და თუ ქართული ოცნება ამას არ მიიღებს, ის გადაყვება ამ ყველაფერს იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური ძალა, ხელისუფლებაში თუნდაც მყოფი, რჩება მარტო, ის განწირულია მარცხისთვის,“ - განაცხადა უგულავამ.
პროპორციული სისტემაზე გადაცვლის აუცილებლობაზე საუბრობს „შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.
„არჩევნები არ არის პოლიტიკური პარტიების საქმე, არჩევნები არის საზოგადოების და თითოეული მოქალაქის საქმე. ამიტომ, ყველა აქტიური მოქალაქე დაიღალა იმ უსამართლო არჩევნებით, რომელიც ტარდება ქვეყანაში მრავალი ათეული წელია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე კი ამბობს, რომ საინტერსო იქნება ხელისუფლების პოზიცია, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მილიონ ხელმოწერას წარადგენს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი