საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ფოტო პრეზერვატივებზე - ამ ფორმით „გირჩი“ და შპს „აიისა“-ს დამფუძნებელი იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც სესიაშვილმა შეიმუშავა და რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას ყველა კონფესიის სასულიერო პირს ავალდებულებს, გარდა მართლმადიდებელი მღვდლებისა.
„ჩვენთვის ნებისმიერი ადამიანი, გინდა იყოს პოლიტიკოსი გინდა არა, რომელიც ამართლებს ადამიანის დამონებას, ან როდესაც ადამიანს აიძულებენ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც არ უნდა, ეს არის მონობა და სხვა არაფერი, ეს არის ჩემთვის ამორალური. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, მათ შორის, ეს იყო კონკრეტული პასუხი ირაკლი სესიაშვილის ინიციატივისადმი, რომელიც მან დაარეგისტრირა,“ - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ ჯაფარიძე.
„აიისას“ დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია.
ინიციატივა მიუღებელია არა მხოლოდ „გირჩისა“ და ბიბლიური თავისუფლების წევრებისთვის, არამედ ყველა რელიგიური კონფესიისთვის.
მუსლიმები, ევანგელისტი და კათოლიკე ქრისტიანები, ფიქრობენ, რომ ინიციატივა არადემოკრატიული და დისკრიმინაციულია. იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდება და კანონად იქცევა, ის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.