საქართველოს ხელისუფლების შვიდი მინისტრის პირველი მოადგილეები, მთავრობის დადგენილებას არღვევდნენ - საქმე ეხება “აეროპორტების გაერთიანების“ კონტროლს. ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
შემოწმების შედეგად დადგინა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შვიდი მინისტრის პირველი მოადგილეები შედიოდნენ და კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ვალდებული იყვნენ კვარტალში, მინიმუმ ერთხელ შეკრებილიყვნენ. 2017 წელს კი სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა.
უწყების ინფორმაციით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება გამოვლინდა შესყიდვების მიმართულებითაც.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადაყვანაზე “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს “ჯორჯიან ბასს“ შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც შეისწავლა, სადაც ასევე გამოვლინდა დარღვევები.
„კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ გადაეყვანა 7 მიმართულებით მგზავრები, თუმცა გადაჰყავდა მხოლოდ ორი მიმართულებით. კომპანიას უნდა ჰქონოდა 2 წლიანი გამოცდილება სატრანსპორტო მიმართულების სფეროში, თუმცა კომპანიამ ვერ წარმოადგინა. მან წარმოადგინა მისი დირექტორის მიერ სხვა კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
ხელშეკრულების რეკვიზიტებში არ იყო მისი ხელმოწერა და იყო შეცდომით, მათი განმარტებით, სხვა კომპანიის ხელმოწერა, რაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს,“-განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილემ ბესიკ ქოჩიაშვილმა.