19 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ინვესტორების სასაფლაო - ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოში ელიტურ კორუფციაზე საუბრობს და მთავრობას მძიმე ბრალდებებს უყენებს

ინვესტორების სასაფლაო, რომელიც ბიზნესუტოპიად თავს აჩვენებს - ამ სათაურით სტატია ევროპულ გაზეთში ახალი ევროპა დაიბეჭდა.

გამოცემა, რომელსაც ევროკავშირის დედაქალაქში გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები კითხულობენ, საქართველოში უცხოელი ინვესტორების დევნაზე წერს.

სტატიაში ამერიკელი ბიზნესმენი, ედვარდ ჩარი, აღწერს, თუ როგორ ანადგურებს საქართველოს მთავრობა მის ბიზნესს.

აიკონია კაპიტალის დამფუძნებელი გაზეთ ახალ ევროპაში წერს, რომ საქართველოში მისი ქონების დასაკუთრების მიზნით მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ.

ედვარდ ჩარი, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ კურიერს მისცა, ამბობს, რომ საქართველოში ელიტური კორუფციაა, ბიზნესს ავიწროებენ. მისი თქმით, ამ რეკეტის უკან საქართველო მთავრობა დგას.

ევროპულ გამოცემაში სტატიას კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ამერიკელი ბიზნესმენი ამბობს, რომ უნდა გააფრთხილოს სხვა ინვესტორები, თუ რა დღეში აღმოჩნდებიან ისინი საქართველოში.

აიკონია კაპიტალი ამერიკული კომპანიაა, რომელიც თბილისში, სულხან ცინცაძის 58 ნომერში, ამერიკული ცათამბჯენის აშენებას გეგმავდა. კომპანიამ იყიდა მიწა, მიიღო ნებართვები, თუმცა, პროექტი ჩაიშალა.

ბიზნესმენის თქმით, მშენებლობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მას ისეთი გავლენიანი ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელმაც საქმე ხელისუფლების ყველა შტოსთან დაალაგა და კანონის აღსრულებას ხელი შეუშალა.

ამერიკის მოქალაქის დევნის ისტორია საქართველოსა და ევროპის ფარგლებს უკვე გასცდა, ედვარდ ჩარიმ რეკეტის შესახებ ამერიკელ კონგრესმენებსაც უამბო და ახლა მათ რეაგირებას ელოდება.

აიკონია კაპიტალი საქართველოს წინააღმდეგ - ამ სახელწოდებით საქმის განხილვას საერთაშორისო არბიტრაჟი სამ თვეში დაიწყებს. თუ დავა ამერიკელი ბიზნესმენის სასარგებლოდ გადაწყდება, რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ.

 

 

 

ავტორი: თათია წოწონავა

 

დღის ამბები