უარი პოლიტიკურ თავშესაფარზე - საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დღეს ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება გაახმაურა. საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მოულოდნელად სწრაფი ზრდის გამო, ევროპის ქვეყნები პირობებს ამკაცრებენ ან ქართველ ემიგრანტებს თავშესაფრის მიცემაზე უარს, პრაქტიკულად, უპირობოდ ეუბნებიან.
ამ გამოწვევას ქართული ოცნების ხელისუფლება სასჯელის გამკაცრებით პასუხობს, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი საქართველოში შექმნილი ეკონომიკური პრობლემებია.
ფაქტობრივად იმავეს ადასტურებენ ევროპელი ელჩებიც, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ სოციალური პრობლემების გამო, ევროპაში გადახვეწილ მოქალაქეებს პოლიტიკური თავშესაფარი არ ეკუთვნით.
საფრანგეთის ელჩმა დღეს თქვა, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეს საფრანგეთი და სხვა ქვეყნები არ მისცემენ.
პასკალ მენიე აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა არის საკითხი, რომელსაც საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია.
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 72%-ით გაიზარდა, ანუ ჯამში, საქართველოს 20 000-მა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირისა და შენგენის ზონაში თავშესაფარი, მათგან მხოლოდ 3% დაკმაყოფილდა.
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის შეჩერების მიზნით, ქართული ოცნება ცვლილებებს "სისხლის სამართლის კოდექსში" გეგმავს და აპირებს, დასჯადი გახადოს ნებისმიერი პირის ქმედება, ვინც საქართველოს მოქალაქეს, თანხის სანაცვლოდ, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შეუქმნის, ან თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენაში შეუწყობს ხელს.
ოპოზიცია განმარტავს, რომ ოცნება არა მიზეზს, არამედ შედეგს ებრძვის, რეალურად კი თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რიცხვი ქვეყნის ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტს, რომლის მთავარი დაპირებაც ემიგრანტების დაბრუნდება იყო, არ აქვს პასუხი კითხვაზე, რას უპირებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპის ქვეყნები თავშესაფარზე უარს ეუბნებიან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს ეს კითხვა მთავრობასთან გადაამისამართა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები კი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვიზალიბერალიზაციას გაუფრთხილდნენ.