19 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"აიკონია კაპიტალის" დამფუძნებლის ბრალდებები ხელისუფლებას - ქართველი და ვეროპელი პოლიტიკოსები ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ

ამერიკული კომპანია აიკონია კაპიტალის დამფუძნებლის, ედვარდ ჩარიმის, სკანდალური განცხადებას, რომ საქართველო ინვესტორების სასაფლაოა, ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ეხმაურებიან.

საქართველოში ბიზნესგარემოს მკვეთრად გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყურადღებით სწავლობს დიპლომატიური კორპუსი.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს, განცხადებები საკმაოდ ხისტი იყო. მან ღიად განაცხადა, რომ, თუკი საერთაშორისო საზოგადოებას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ბიზნესზე ხელისუფლება ზეწოლას ახდენს, ეს პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

ბიზნესმენის სკანდალურ განცხადებებსა და ხმაურიან ინტერვიუს გამოეხმაურა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, რომლის ვიზიტი თბილისში სტატიის გამოქვეყნებას დაემთხვა.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომი, ამბობს, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია, ჰქონდეს კარგი ბიზნესგარემო. მისივე თქმით, საქართველოში ინვესტორმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან მუშაობს, რათა ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე ბიზნესგარემო, არსებობდეს თავისუფალი სასამართლო და კორუფციის ნიშნული იყოს ძალიან დაბალი.  

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი, საქართველოს ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

ფადი ასლი აცხადებს, რომ იკონია კაპიტალის გარდა, ზეწოლაზე ბევრმა კომპანიამ დაიწყო საუბარი, რაც საქართველოს რეპუტაციას მოკლე ვადებში დააზიანებს.

ამერიკული კომპანია იკონია კაპიტალის ბრალდებებს ეხმაურება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

გიორგი ქობულია სტატიას, რომელიც ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელის ინტერვიუზე დაყრდნობით, ევროპულმა გამოცემა ახალმა ევროპამ გამოაქვეყნა, სერიოზულად არ მიიჩნევს.

მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ის მსოფლიო ბანკის კვლევებს ეყრდნობა და მისთვის საინტერესო მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგებია. მისი აზრით, ერთი ბიზნესმენის განცხადებები ქვეყნის რეპუტაციას საფრთხეს ვერ შეუქმნის. 

საქართველო-ევროპის ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ  ინვესტორების ნეგატიური განწყობები ახდენს სერიოზულ გავლენას ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე და ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია, იმის ფუფუნება არა აქვს, რომ დაკარგოს მსხვილი ინვესტორები. ამიტომ, ზვიად ჭუმბურიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაუფრთხილდეს თავის იმიჯს და ცალკეულ შემთხვევებს განსაკუთრებულად მოეპყრას.  

საქართველო-ევროპის ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიორგი კაჭარავა, კი აცხადებს, რომ ბრალდებები, რომელიც გამოითქვა ამერიკული კომპანიის დირექტორის მიერ, უნდა იქნას შესწავლილი.

ამერიკული კომპანია საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

ბიზნესმენის თქმით, კორუფციითა და უკანონო გადაწყვეტილებებით კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს მის ჩასაძირად. მისი განცხადებით, ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო.

ედვარდ ჩარიმის განცხადებით, ის დეველოპერული პროექტი, რომლის განხორციელებასაც თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, გეგმავდა, ჩაიშალა.

ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მთავრობისგან ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონი დოლარი მოითხოვოს.

დღის ამბები