საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები ზვიად კვაჭანტირაძის დასჯას ცდილობდნენ.
დეპუტატი ამბობს, რომ ის მოვლენები, რაც დღეს პარლამენტში ვითარდებოდა, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ კობახიძე და მისი გუნდის წევრები „ცეტი“ და უმწიფარი პოლიტიკოსები არიან.
ბესელიას აზრით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილმა ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა, კობახიძემ დავალება მიიღო, რომ იმავე დღეს მეორედ გამოეტანა კენჭისყრაზე იგივე საკითხი.
ბესელია არ გამორიცხავს, რომ ეს დავალება ირაკლი კობახიძისთვის ბიძინა ივანიშვილს მიეცა.
„არ გამოვრიცხავ, რადგან არ ვიცი, რა ხდებოდა კულუარებში, მაგრამ გამოჩნდა ის სიმყიფე, სიცარიელე და გამოჩნდა პატარა ჯგუფი, ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც ისე მართავს პარლამენტსაც და ქვეყანასაც, შეიძლება, სერიოზული კატაკლიზმები გამოიწვიოს,“ - ამბობს ბესელია.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ ზვიად კვაჭანტირაძის გაკრიტიკება, რომ დიასპორის კომიტეტის მუშაობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, სრულიად გაუმრთლებელი ბრალდება იყო.
„ამას ამბობს ადამიანი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც საარჩევნო პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შტაბს ხელმძღვანელობდა და პირველ ტურში არჩევნები წააგო, პრაქტიკულად, ქართულმა ოცნებამ და კინაღამ სააკაშვილი მოგვიყვანა და დაგვისვა,“ - აცადებს ბესელია.