19 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"ივანიშვილი უნდა ჩაერთოს იმ როლით, რითაც პატარა, უმწიფარ გოგო-ბიჭებს მოიყვანს ჭკუაზე" - ეკა ბესელია

„დიდი პოლიტიკური ფასია მეორე მხარს ამ საქციელის და ქმედებების საპირწონედ,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შესახებ გამწესებასთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

ეკა ბესელიას თქმით, თუ ოცნება მაინც მიიღებს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს,  გუნდი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება.

„დიდი პოლიტიკური ფასია მეორე მხარს ამ საქციელის და ქმედებების საპირწონედ. ეს არის ის ფასი, რასაც 2020 წელს, ალბათ, ქართველი ხალხი და ამომრჩეველი თავისი გადაწყვეტილებით იტყვის. მეორე, ამის ფასი მე ყველაზე მეტად მაღელვებს იმიტომ, რომ არ მინდა, ამ ქვეყანას და შვილებს დავუტოვოთ სასამართლო, სადაც იქნებიან მოსამართლეები, რომლებიც ისევე პირსისხლიან გადაწყვეტილებებს გამოიტანენ, როგორც გამოჰქონდათ ეს იმ ავბედითი რეჟიმის დროს,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა მცირე ჯგუფმა საკუთარი ინტერესების გატარება ორი ინსტანციის სასამართლოში შეძლო და ახლა ცდილობს, გავლენები უზენაეს სასამართლოში მოიპოვოს.

„ფაქტია ის, რომ მოსამართლეთა ამ პატარა ჯგუფმა საკუთარი ინტერესების გატარება მოახერხეს იუსტიციის საბჭოში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მეორე ინსტანციის სასამართლოში, ახლა მოინდომეს უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდება და ამ ჯგუფს ვერ აჩერებს ვერავინ. ვინ ვისი მძევალია, ამის გარკვევაში შეიძლება, ძალიან ბევრი დრო დაიკარგოს. მე, პირადად, ჩავთვალე, რომ ამის გარკვევის დრო აღარ იყო, იყო მოქმედებების დრო და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც მივიღე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ამბობს, რომ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10 მოსამართლის მსგავსი კანდიდატურები გავა მომავალშიც, პასუხისმგებლობა იქნება, როგორც გუნდის, ასევე ივანიშვილის.

„პარტიის თავმჯდომარესაც აქვს თავისი გავლენა და ის უნდა ჩაერთოს იმ როლით, რა როლითაც ამ პატარა, უმწიფარ გოგო-ბიჭებს მოიყვანს ჭკუაზე,“ - ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, მისი გუნდი ყველანაირად შეეცდება, რომ ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა არ გავიდეს.

დღის ამბები