"საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა არის იმისთვის, რომ იქნება ეს მურუსიძე თუ სხვა რომელიმე პირი, წარსდგეს პარლამენტში და მას გაესაუბრონ ინდივიდუალურად," - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
ეს განცხადება ოხანაშვილმა გადაცემა არჩევანში იმ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა, რომელიც უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული და რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრას ეხება.
თუმცა კითხვაზე, მურუსიძე ან ჩინჩალაძის კანდიდატურა რომ გაჩნდეს ამ სიაში, მისცემს თუ არა ხმას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კითხვას არ პასუხობს.
ოხანაშვილმა ამ კითხვის პასუხად მხოლოდ ის განაცხადა, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლების მსურველ პირთა შერჩევის პროცესზე საზოგადოებას მონიტორინგის საშუალება ეძლევა.
"გვსურს, ეს პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო გამჭვირვალე. თქვენ არაფრად მიგაჩნიათ, რომ საზოგადოებას ექნება წვდომა და მონიტორინგი მთელ პროცესზე? თქვენ მიგაჩნიათ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება და განწყობები ჩვენთვის სულერთია?" - ამბობს ოხანაშვილი.
ოხანაშვილი უარყოფს, რომ უზენაესი სასამართლოს ათკაციანი სიის დამტკიცება პარლამენტმა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ეკა ბესელია პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ბესელიამ განცხადება გადადგომის შესახებ მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ სიის დამტკიცება შეაჩერა.