მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შესახებ შეთანხმებას ”სამოქალაქო მოძრაობა” უერთდება და დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, მოსახლეობას ეს ინიციატივა გუნდის სხვა წევრებთან ერთად გლდანის მეტროსთან გააცნეს და ხელმოწერების შეგროვებაც სწორედ ამ ლოკაციიდან დაიწყეს.
უახლოეს დღეებში კი,მოძრაობის რეგიონული ოფისების წარმომადგენლები, ხელმოწერების შეგროვებას აჭარასა და ქუთაისშიც დაიწყებენ.
სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არსებობა შემაფერხებელი გარემოებაა ქვეყნის განვითარებისათვის.
„ეს ქვეყანა ვერ ვითარდება და ვერ მიდის წინ, იმიტომ, რომ პარლამენტში არიან ფეოდალი პარაზიტები მაჟორიტარების სახით მოკალათებული, რომელიც უკვე 25-30 წელია პარლამენტში არიან და მთავრობიდან მთავრობისკენ გადადიან. ისინი აფერხებენ ქვეყნის განვითარებას და ეს პარაზიტები უნდა ჩამოვაშოროთ მმართველობის სისტემას, ანუ ეს სიტემა გავაუქმოთ. ამისთვის ვაგროვებთ ხელმოწერებს,“- განაცხადა ელისაშვილმა.