ულტიმატუმით შენარჩუნებული პოსტი და პრემიერთან საიდუმლო გარიგების დეტალები. თეა წულუკიანი უკვე პარლამენტში იმყოფება. ოპოზიცია მინისტრისგან საჯარო ახსნა-განმარტებას ელოდება.
დეპუტატებს აინტერესებთ, როგორ ახერხებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი წევრი მუდმივად თანამდებობის შენარჩუნებას და რა იყო მისი და მამუკა ბახტაძის ბოლო უთანხმოების მიზეზი. თეა წულუკიანი, დავით სერგეენკოსთან ერთად, ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მინისტრის პორტფელს ინარჩუნებს.
კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე იუსტიციის მინისტრმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ განახორციელა და რასაც უწყება გეგმავს.
წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ის სერვისები,რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გასცემს.
წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო მედიაციის სამსახურის შემოღებას აპირებს, ეს ყველაფერი სასამართლოს დაეხმარება რომ კონკრეტული საქმეები სასამართლოს გვერდის ავლით იქნას გადაწყვეტილი.
„ჩვენ შემოგთავაზეთ ასევე საქართველოს კანონის პროექტიდან საკმაოდ მასშტაბური რეფორმის კანონპროექტი მედიაციის სფეროში, თუკი თქვენი მხარდაჭერა გვექნება, ჩვენ შევძლებთ, რომ სასამართლო გავათავისუფლოთ იმ სახის დავების განხილვებისგან,როგორიც არის მიკროსაფინანსო დავები, სამეზობლო დავები, ბიზნესდავები, თუკი ბიზნესმენები გადაწყვეტენ, რომ მრავალი წელი სასამართლო დავას არ მოანდომონ, უფრო სწრაფად სასამართლოს მიღმა ანუ კერძო მედიაციის ფარგლებში მოაგვარონ ესა თუ ის დავა,“-განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხსაც. წულუკიანის თქმით, ის ყოველთვის იქნება წინააღმდეგი, რომ 14 წელზე ქვემოთ არასრულწლოვანთათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისგების დაკისრება კანონში გაიწეროს, რადგან ეს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას ეწინააღმდეგება. მინისტრი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სრულიად ახალი კანონი აქვს მომზადებული.
„არის კატეგორია ბავშვების რომლებიც არიან 14 წლამდე ასაკის რა თქმა უნდ ამათ მიერ ხდება დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხდება ვერ ხდება იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი, ვარ ვიქნები და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი რომ 14 წელი დაიწიოს 13 ან 12 წლამდე ეს ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა“-განაცხადა მინისტრმა.