"ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია,"-ასე პასუხობს თინათინ ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კომპლიმენტს, სადაც წულუკიანმა აღნიშნა, რომ თინათინ ბოკუჩავა ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს, თუმცა ის ძალიან ლამაზი ქალია.
გუშინდელი ხანგრძლივი, ხმაურიანი განხილვების შემდეგ თეა წულუკიანს რეგლამენტიდან გამომდინარე პარლამენტში მისვლა დღესაც მოუწევს. გუშინ დებატები წულუკიანთან 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უცვლელ მინისტრთან ბოლო რეპლიკა თინა ბოკუჩავას ჰქონდა - მან წულუკიანის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზე ისაუბრა და არ გამორიცხა წულუკიანს ჰქონდეს ინფორმაცია არაერთ ხმაურიან საქმეზე. მინისტრმა დეპუტატის სწორედ ამ განცხადებებს საპასუხოდ გაამახვილა ყურადღება ბოკუჩავას გარეგნობაზე, თუმცა მის პოლიტიკურ განცხადებებს ილუზიები უწოდა. წულუკიანის გამოხმაურებას ბოკუჩავამ უპასუხა.
"გავიგეთ რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, რომ აღნიშნული კითხვა რომ დაესვა კაც დეპუტატს, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე. ის თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების, ეს ბინძური საქმეები არის "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება, ძალიან ბუნდოვან გარემოებებში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება, სწორედ ამიტომ აძლევს ის თავს უფლებას, რომ აშანტაჟოს ბიძინა ივანიშვილი,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.