19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ოფისიდან, საიდანაც თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს 

რუსთაველის 12 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ამოღებულია კომპიუტერები - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა.

საუბარია ოფისზე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სადაც ე.წ. ტროლები მუშაობდნენ და  საიდანაც “TBC ბანკზე” კიბერთავდასხმები განხორციელდა.

ოფისი „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის უფროსს კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები და ამას ადასტურებენ იქ მომუშავე ადამიანები.

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ უწყება ამ საქმეზე კომპლექსურ გამოძიებას აწარმოებს და არ იცის გამოძიების შედეგი ზუსტად როდის გახდება ცნობილი. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას რამდნიმე თვეა, როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს გამოძიება მიმდინარეობს ვადასტურებთ ამას. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე , რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება, ერთ დღეში და ერთ კვირაში.  

"ჩატარებულია დღემდე არაერთი საგამოძიებო მოქმედება როგორც გამოკითხვები ასევე ჩატარებულია ამოღებები, ამოღებულია კომპიუტერები მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის შესწავლა.

"ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, გიდასტურებთ, რომ კომპიუტერები ამოღებულია. არ არის საკმარისი მცირე დრო კომპიუტერული ინფორმაციის დამუშავებისთვის. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობა რომ დადგება, რომ ჩავატარებთ და დავასრულებთ გამოძიებას,  ვერ გეტყვით ოღონდ როდის დასრულდება საზოგადოებას დამატებით ინფორმაციის მივაწვდით,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

"კურიერის" კორესპონდენტი შეკითხვაზე, გამოიკითხა თუ არა "ქართული ოცნების" PR სამსახურის უფროსი კოკა ყანდიაშვილი, რომელმაც რუსთაველის 12-ში ოფისი იქირავა, მეზვრიშვილი ამბობს, რომ ყანდიაშვილი ჯერ გამოკითხული არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მას გამოძიება კითხვებს დაუსვამს.

„როგორც კი ამის საჭიროება დადგება აუცილებლად დაიკითხება. შს სამინისტროსთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა გამოკითხვა თანამდებობრივი სტატუსის და ასე შემდეგ მიხედვით,"-განაცხადა მეზვრიშვილმა. 

დღის ამბები