„გუშინ ქალბატონმა თეამ მასტერკლასი ჩაატარა. პოლიტიკურად გააფარჩაკა ოპოზიცია. ის იყო მოწოდების სიმაღლეზე,“ - ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, თეა წულუკიანმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციის იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი პრემიერმინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. სესიაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ არავინ არავის არ აშანტაჟებს.
„ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ქვეყნის წინაშე მისი უწყების მიმართ იყო, ამომწურავი პასუხი გასცა. არავის არავინ არ აშანტაჟებს ჩვენს ხელისუფლებაში, მით უმეტეს გუნდის შიგნით,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თეა წულუკიანი დღესაც პარლამენტშია. გუშინდელი ხანგრძლივი, ხმაურიანი განხილვების შემდეგ იუსტიციის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა დღესაც მოუწია. დეპუტატები წულუკიანთან გამართულ 7 საათიან დებატებს შეაფასებენ და ამის შემდეგ მინისტრი კანონმდებლების კითხვებს უკვე შემაჯამებელ სიტყვაში უპასუხებს.
წულუკიანის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას მთავრობის კიდევ ერთი წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიკავებს. მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ისაუბრებს.