იუსტიციის მინისტრს და ოპოზიციის წევრებს შორის დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღესაც გაგრძელდა. ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა.
ოპოზიციის შეფასებით, მინისტრის მოხსენება პარლამენტში იყო ღვარძლიანი მაღალჩინოსნის გამოსვლა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც მინისტრმა სამადაშვილის მისამართით თქვა, რომ მან უკადრებელი იკადრა.
„ქალბატონო თეა, როდესაც შეეცდებით, მორალური უპირატესობის პოზიციიდან ესაუბროთ ვინმეს ამ ტრიბუნიდან, იძულებული ვიქნებით, შეგახსენოთ, რომ უკადრებელი არის ის, რომ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ პროკურორებმა, არაერთმა პროკურორმა გაუგზავნა წერილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომელშიც განაცხადა, რომ ჩვენ ახლა არ გვცალია რუსეთის დანაშაულის გამოძიებისთვის იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დანაშაული უნდა გამოვიძიოთო,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
თეა წულუკიანი მწვავედ გააკრიტიკა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„გუშინ აქ ფურცელს აფრიალებდა ქალბატონი წულუკიანი, არის თუ არა ეს ნოტა. ეპატაჟურად მიმართა ბატონ ბოკერიას. სინამდვილეში ეს ნოტა გაგზავნილია 2014 წელს. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა არ გაგვცა პასუხი, რატომ არ არის შემდგომი ნოტები გაგზავნილი. მთავარი პრობლემა აქ არის, რომ მართლმსაჯულების საერთო სასამართლო იკითხავს, რატომ აიღო ამხელა, 5-წლიანი პაუზა საქართველომ და რატომ არ აგრძელებდა ნოტებით მიმართვას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.