მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა მამუკა მდინარაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა რა ფინანსურ პრობლემებზეა საუბარი მაშინ, როდესაც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ფინანსური ინსტიტუტებისგან დაფინანსება მოპოვებული აქვთ.
„როდესაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით კონსორციუმის წარმომადგენლები აკეთებენ ხოლმე განცხადებას, ისინი ამბობენ, რომ მათ დაფინანსება სრულად აქვთ მოპოვებული ფინანსური ინსტიტუტებისგან. მთავრობის მხრიდან გვესმის, რომ თქვენ ელაპარაკებით ფინანსურ ინსტიტუტებს სხვადასხვა საკითხებზე. თუ ის ასეა, როგორც ისინი აცხადებენ, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, რასთან დაკავშირებით ელაპარაკებით, რა კონსულტაციები მიმდინარეობს, რატომ სცდება ეს ორი პოზიცია ერთმანეთს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური პრობლემები აქვს რის გამოც ის ვერ ასრულებს ვალდებულებებს და ამას ადასტურებს მის მიერ ამ დრომდე შეუსრულებელი ვალდებულებები.
მინისტრის თქმით, ის ვერ დაეთანხმება ოპონენტებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეაფერხა TBC ბანკის საქმემ, რადგან ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც პროკურატურაში არ მიმდინარეობდა გამოძიება, კონსორციუმის მხრიდან დაფინანსება პროექტის განსახორციელებლად ვერ იქნა მოძიებული.
"რატომ არის საერთოდ რამე პრეტენზიები ან მოლოდინი კონსორციუმის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ, თურმე ჰქონიათ უკვე მოძიებული 620 მილიონი, თურმე შესძლებიათ უკვე პორტის მშენებლობა, ჰქონიათ მშენებლობის ნებართვაც. ჰყოლიათ აგერ დღეს ვნახე, რომ მემორანდუმი გაფორმდა ამწეების შესყიდვაზე, სამწუხაროდ ესეც მემორანდუმი. ალბათ შეიძენენ ამ ამწეებსაც თუ ფული ჰქონიათ. და აგერ არის გემი ათენა, რომელიც უკვე აშენებს პორტს. არის ყველა ბანკის, არსებობს საკუთარი კაპიტალი. რაზე ვლაპარაკობთ დღეს, მაშინ რა არის ჩვენგან საჭირო? აქედან გამომდინარე ჩემი პასუხი არის ეს, რომ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ხედავს, რომ აქვს პრობლემა და ეს პრობლემა არ დაწყებულა დღეს. ეს პრობლემა მათ ჰქონდათ 2017 წელს. 2017 წლის ბოლოს ვერ შეძლეს თავისი ვალდებულების შესრულება და დაფინანსების მოზიდვა. და ალბათ ამაში დამეთანხმებით, რომ 2017 წელს არ არსებობდა კითხვები არც ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან თიბისი ბანკის მიმართ, არც პროკურატურის მხრიდან. პოლიტიკური მხარდაჭერაც ჰქონდა, მესიჯიც თანმიმდევრული იყო მაგრამ 2017 წლის ბოლოს დაფინანსება ამ პროექტისთვის ვერ იქნა მოძიებული,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, განცხადებები რომელსაც კონსორციუმის წევრები აკეთებენ ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა თითქოს კონკრეტულ ინვესტორს ებრძვის მთავრობა.
„ესეთი განცხადებები კონსორციუმის მხრიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ შექმნან საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ამ პროექტს ებრძვის მთავრობა. ამ კონკრეტულ ინვესტორს ებრძვის მთავრობა. და მთავრობა რაღაც სხვადასხვა ინტერესებს გამო რომელიც რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ბრალია ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ბატონ ბიძინა ივანიშვილს ახლა გაუჩნდა სურვილი, რომ ამ პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე. სხვა პრობლემა ამ პროექტს არ ჰქონია,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.