"ამ მთლიან სურათს როგორ არ დავარქვათ, მთავრობის მხრიდან თავდასხმა ხაზარაძეზე?" - ამ განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში, რეგიონული განვითარების მინისტრს მიმართა. მაია ცქიტიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარდგა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ელენე ხოშტარია მაია ცქიტიშვილს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ აქტიური კამპანია მიმდინარეობს, რათა განცდა შეიქმნას, თითქოს ხელისუფლება ანაკლიის პორტით დაინტერესებული არ არის.
"ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ კითხვები სწორედ იმან გაუჩინა, რომ ამ კამპანიის დაწყებაში, ოპოზიციის წევრის, თქმით, მინისტრმა თავად ხაზარაძე და ხელისუფლების ოპონენტები დაადანაშაულა.
„მე უნდა გითხრათ, დღეს რამ გამიჩინა მე კონკრეტულად კითხვები. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ კამპანია დაიწყო საზოგადოებამ, თუ ოპოზიციამ თუ ხაზარაძემო. ყველაფერი მესმის, მინისტრი ხართ, მთავრობის პოზიციის გამართლება, ყველაფერი მესმის, მაგრამ მთლად შავზე თეთრი როგორ მივიღო? ძალიანაც რომ მინდოდეს. როგორ მივიღო ის რეალობა, რომ კამპანია დაუწყია ხაზარაძეს ან ოპოზიციას. გავიხსენო? ჩამოვთვალო? დაწყებული იქიდან, რომ 4 უწყება ერთად შევიდა, გაგრძელებული იმითი, რომ გამოძიების გარეშე კრიმინალად და ფულის გამთეთრებლად მონათლეს, ასევე გაგრძელებული იმით, რომ ის იძახდა რომ ამას ნუ გაახმაურებთ, მით უმეტეს შედეგებამდე, იმიტომ რომ ზიანს მოუტანს ანაკლიის პროექტს და არა თუ არ გაახმაურეს, პროკურატურა გამოვიდა და ტროლების ქარხანა შეიქმნა, რომ ეს ნეგატივი წავიდეს. თუ არ შეიქმნა, გამოიძიეთ, დაგვიმტკიცეთ რომ არ შექმნილა. ამ მთლიან სურათს როგორ არ დავარქვათ, მთავრობის მხრიდან თავდასხმა ხაზარაძეზე" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, მაშინ როდესაც პროკურატურამ 11 წლის წინანდელი საქმე წამოწია და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ტელეეთერში ხაზარაძის "უმადურობაზე" ისაუბრა, განცხადებები იმის შესახებ, რომ მიმდინარე პროცესთან მმართველი გუნდი არაფერ შუაშია, დამაჯერებელი არ არის.
"ახლა თქვენ ამბობთ, რომ არა თუ ხაზარაძე კონსორციუმთან რა შუაშიაო, „თიბისისთანაც“ კი არ არის კავშირშიო. აქაც ქალბატონო მაია, როგორც არ უნდა მოვინდომო, როგორ დავიჯერო რომ ხაზარაძე ლამის ხაზარაძესთან აღარ არის კავშირში და ხაზარაძე ხაზარაძეს აღარ ჰგავს. ფაქტია, რომ ეს კაცი, მამუკა ხაზარაძე არის ამ კონსორციუმთან და „თიბისისთან“ დაკავშირებული პიროვნება. როგორ ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს არანაირი ზიანი არ მოაქვს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.