საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. სავაჭრო პალატის პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა გახდა ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის უვადოდ გადადების მიზეზი.
ფადი ღია წერილში ბიზნესზე ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას. ის კონკრეტულ ბიზნესმენებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ერთ-ერთ მაგალითად „თიბისი ბანკისა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეები მოჰყავს.
ფადი ასლი ამბობს, რომ თუ არ შეწყდება ზეწოლა, ის მსოფლიო მასშტაბით ოფიციალურად გააფრთხილებს ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტს. ფადი ასლი ხელისუფლებას, ზეწოლისა და შანტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის, “თიბისის”, მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, თუ ჩვენს წევრს, “ომეგა ჯგუფს” არ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ივანიშვილი საბოლოოდ გააცნობიერებს იმ ვითარების სერიოზულობას, რომელშიც ჩააყენა ქვეყანა. იმოქმედებს საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა ბოლო მოეღოს ზეწოლას ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც თავს ესხმის და უპირობოდ გაუღებს კარს უცხოურ ინვესტიციებსა და ყველა ქართულ ბიზნესს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.