კრიმინალური ვითარება - პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე პარლამენტშია. ინტერპელაციის წესით დაბარების შემდეგ პრემიერმა დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.
პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მძიმე ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა, არ უპასუხა. მამუკა ბახტაძემ კითხვაზე - გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება, მხოლოდ ის თქვა, რომ "კითხვა არასწორად არის დასმული".
„შეკითხვის ფორმულირება უკვე არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მძიმე კრიმინალური ვითარებაა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქვეყანა დანაშაულის დონით, 90-იან წლების პერიოდს უბრუნდება. პრემიერი კრიმინოგენულ ვითარებაზე სასაუბროდ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ინტერპელაციის წესით დაიბარა.
ეს ცვლილება დეპუტატთა ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას მთავრობის წევრი ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაიბაროს საკანონმდებლო ორგანოში.
მამუკა ბახტაძეს ოპონენტების მწვავე კითხვებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა, თუმცა მანამდე მთავრობის მეთაური, დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგება. "ევროპული საქართველოს" წევრები დაინტერესდებიან, რატომ არ აქვს მთავრობის მეთაურს გეგმა, ვითარების გამოსასწორებლად.
პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას შინაგან საქმეთა მინისტრიც დაესწრება. არსებულ ვითარებაზე მედიასთან არც გიორგი გახარიას უსაუბრია. გახარია ამბობს, რომ განცხადებას, პრემიერის და დეპუტატების მოსმენის შემდეგ გააკეთებს.