გაზრდილი კრიმინალი, შერჩევითი სამართალი, ზეწოლა ბიზნესზე და ჩრდილოვანი ეკონომიკა - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას იმ მიზეზებზე ესაუბრება, რამაც ქვეყანაში კრიმინალის ზრდა გამოიწვია.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნათელია, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არსებობს. ამის მაგალითად დეპუტატს მარნეულის მერის , თეიმურაზ აბაზოვისა და კიდევ რამდენიმე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის საქმე მოჰყავს.
"მარნეულის ყოფილმა მერმა საკუთარი შარდი წაასმევინა სახეზე, დღეს ეს ადამიანი არათუ ციხის გარეთაა, განაცდურს ითხოვს,დგება საკითხი "ქართული ოცნებისთვის", რომელი ადამიანია მთავარი.
დიახ, "ქართული ოცნებისთვის" დამნაშავე აბაზოვია მთავარი და არა ის ადამიანი, რომელსაც შარდი წაუსვა სახეზე. დიახ, "ქართული ოცნებისთვის" მთავარი არის ადამიანი ფარცხალაძე, რომელსაც სარდაფში ჩაჰყავს ადამიანები და იქ ივანიშვილის დავალებით ურჩევს საქმეს, მთავარი არის ადამიანი გეგეშიძე,რომელიც სცემს ადამიანებს ხან კორცხელში და ხან, საჭიდაო დარბაზში და არა ის ადამიანები, რომლებიც ადამიანი გეგეშიძის მიერ იჩაგრებიან,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მან მოუწოდა კოლეგებსა და საზოგადოებას გაეცნონ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის წერილს პრემიერის მიმართ, რომელშიც ასახულია ის კრიმინალი და დანაშაული, რომელსაც მთავრობა ბიზნესის მიმართ ჩადის.
„ჯერ არ მივსულვართ იმ დონემდე ალბათ, რომ ფარცხალაძემ სარდაფში ჩაიყვანოს ხაზარაძე ან ჯაფარიძე, თორემ ეს რომ გაგრძელდეს ამ დონემდეც მივალთ,“-ამბობს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, თუკი წინა წლებში ბანკების და სხვა ფინანსური ორგანიზაციების შემოწმება ხდებოდა იშვიათად, მაშ შემდეგ რაც მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა "ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოაცხადა ბანკებზე, 15-ჯერ შეამოწმა შემოსავლების სამსახურმა საფინანსო ორგანიზაციები. ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნების რეალური საშიშროება დგას. დეპუტატის განცხადებით, ყველასათვის ცნობილია, რომ კრიმინალი მაშინ იზრდება, როცა სოციალური მდგომარეობა უარესდება და სიღარიბე იზრდება. გარდა ამისა, პრობლემად იქცა ის ჩრდილოვანი ეკონომიკური კურსი, რომელიც მთავრობამ დააწესა და რის გამოც საზოგადოება იძულებული ხდება ბანკების გვერდის ავლით აიღოს სესხი.
„როდესაც მთავრობა ცდილობს ჩრდილოვან ნაწილში გადაიყვანოს ეკონომიკური ნაწილი ამით კიდევ უფრო ახალისებს კრიმინალს. თქვენ ღია ეკონომიკა გადაიყვანეთ ჩრდილოვან ეკონომიკაში, შემიძლია წაგიკითხოთ საჯარო პოსტები "ფეისბუქზე", როგორ სთავაზობენ მოქალაქეები ინდივიდუალურ სესხს მოქალაქეებს. ბუნებრივია, იქ საქმეს ქუჩა გაარჩევს და კრიმინალი გაარჩევს , რომელიც 90-იანი წლებიდან კარგად გვახსოვს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.