პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდნენ, " სამართლიანი არჩევნების" დირექტორი სამარცხვინოს უწოდებს.
მიხეილ ბენიძე ირაკლი კობახიძეს ურჩევს, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკას, საკუთარი ნდობა და რეიტინგები გაზომოს.
„ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იტყუება ყველა ამ ნაწილში, როდესაც ამბობს, რომ თითქოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რაღაც კამპანიაში ვიყავით ჩართული, თითქოს სამართლიანი არჩევნები რომელიმე პოლიტიკოსს, რომელიმე კანდიდატს უჭერდა მხარს, ან არ უჭერდა. როდესაც ჩვენ ნდობას ზომავს, მე ალბათ ვურჩევდი, პირველ რიგში საკუთარი ნდობა გაზომოს და საკუთარი რეიტინგები, იმიტომ, რომ სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტი თავმჯდომარე არის დაკავებული მუდმივად ყველა ფორუმზე არასამთავრობო სექტორზე თავდასხმებისა, ნაცვლად იმისა, რომ იმსჯელოს, ვთქვათ, ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე,“- აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კობახიძემ სამოქალაქო სექტორის მიმართ ცრუ ბრალდებები წამოაყენა. მათი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმას არასამთავრობო ორგანიზაციებზე ერთადერთი მიზეზი აქვს - ხელისუფლებას არ აქვს პასუხები იმ პრობლემებზე,რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებამ წარმოაჩინა.