19 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
მძიმე კრიმინალური ვითარება - პარლამენტში პრემიერთან შეხვედრა ურთიერთბრალდებების და მწვავე კამათის ფონზე ჩატარდა

მძიმე კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის ახსნა-განმარტებების გაკეთება პარლამენტში მოუწია. კრიმინალური ვითარების განხილვა და დებატები პრემიერთან პოლიტიკურ ურთიერთბრალდებებში მალევე გადაიზარდა.

ოპოზიცია, ხელისუფლებას კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და კრიმინალის წახალისებას იწვევს.

მამუკა ბახტაძემ ოპონენტების კრიტიკას დღეს დანაშაულის დათვლის ახალი მეთოდოლოგიით უპასუხა და ყოფილი ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობა შეახსენა.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, ხელისუფლება შავ სამყაროსთან ბრძოლის ნაცვლად, კრიმინალებთან თანამშრომლობს და საარჩევნოდ მიღებული დახმარების სანაცვლოდ, ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევს.

ოპოზიციის წევრებმა დღეს, მმართველ გუნდს, ქურდული მენტალიტეტით მართვის კონკრეტული მაგალითებიც შეახსენეს და მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადეს. მმართველ გუნდში კი კრიმინალის მატებას ოპოზიციის პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ.

კრიმინალების თავდამსხმის მსხვერპლი, ბოლო ერთ თვეში, უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი გახდა. საგურამოში, რამდენიმე კვირის წინ, გია ვოლსკის სახლიც გატეხეს. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

კრიმინალზე სასაუბროდ მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მივიდა. გიორგი გახარია, საპარლამენტო დებატებში არ ჩართულა.

მამუკა ბახტაძის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტის ახალი რეგლამენტით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვის საპასუხოდ დაიგეგმა. პოლიტიკური დებატები, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რეკორდულად ხანმოკლე აღმოჩდა და დაახლოებით 2 საათში დასრულდა.

გამომსვლელებისთვის განკუთვნილი დრო, იმდენად მცირე იყო, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, მათ შორის მმართველი გუნდის ყოფილმა წევრებმა, დებატები მონაწილეობა საერთოდ ვერ შეძლეს.

დღის ამბები