"ნაციონალური მოძრაობს" ყრილობას გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები და პარტნიორი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათშორის იყო "ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე. მამუკა კაციტაძის განცხადებით, ისინი დააკვირდებიან თუ რა შედეგს მოიტანს დღევანდელი ყრილობა როგორც პარტიისთვის, ასევე ერთიანი ოპოზიციისთვის.
„ვნახოთ დღევანდელი ყრილობა და ზოგადად ერთიანი ოპოზიციური ძალისხმევა რა შედეგებს დააყენებს ახლო მომავალში. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ენმ-სთან ერთად ჩვენ საინტერესო პროექტს და კამპანიას ვაწარმოებთ, ეს არის მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ენმ-ში განახლების პროცესს მიესალმება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ენმ-ს სათავეში ჩაუდგა ის ადამიანი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტიურად დაამარცხა.
„იმ ადამიანმა, რომელმაც გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ფაქტიურად დაამარცხა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში გახდა მთავარი ოპოზიციური ძალის ოფიციალური თავმჯდომარე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მთავარი თეზისები, რასაც დღეს ჩვენ ვისმენდით ამ პარტიის ყრილობაზე იყო კონსოლიდირება პოლიტიკური ძალების,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ყრილობას დაესწრნენ "რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც. ხათუნა სამნიძის თქმით, პარტია თანამშრომლობს გაერთიანებულ ოპოზიციასთან. მისი თქმით, ფუნდამენტურ ღირებულებებთან მიმართებაში ოპოზიციური სპექტრი ერთიანია.
„ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, სასამართლო სისტემა ეს არის ის ფუნდამენტი რაზეც ერთიანია მთელი ოპოზიცური სპექტრი. ამიტომ მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ეს კონსოლიდაცია მითუმეტეს ძალიან მალე არჩევნები გველოდება,“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარტიის ლიდერად გრიგოლ ვაშაძის არჩევას ეთანხმება თაკო ჩარკვიანიც. პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის აღმშენებლობა, რომელიც ენმ-ს ჰქონდა, უნდა გაგრძელდეს.
„სულ იყო კითხვა, აი გაანალიზება მოხდა იმ შეცდომების რაც იმ 9 წლის განმავლობაში იყო?! აი, გაანალიზება, რომ მოხდა იმიტომაც მოხდა გრიგოლ ვაშაძის არჩევა,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაზე საუბრობს შალვა შავგულიძე. ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტია ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობს და ასეთია მათშორის ენმ-ც.
„ჩვენ გვაქვს მათთან კომუნიკაცია. გვაქვს კოორდინაცია ჩვენი საქმიანობის. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციასთან ჩვენს თანამშრომლობას, იგივეა რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან." კოორდინაციის, კომუნიკაციის რეჟიმში ვიმყოფებით,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.