ანაკლიის პორტის მშენებლობა და ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელსაც შესაძლოა ცალკეული პირები ხელოვნურად ქმნიან. სავარაუდოა, რომ ანაკლიის პორტი კონკურენციას ფოთის პორტს გაუწევს, რომელიც ამ დრომდე მონოპოლისტური სქემით ყოველგვარ კონკურენციას ზღუდავს და გადამზიდავებსაც არარეალურ ფასებს უწესებს.
ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების ტერმინალებს და სარკინიგზო ჩიხებს კომპანია "პეტროკასი" ფლობს, რომლის ოფიციალური პარტნიორიცაა რუსული სახელმწიფო ნავთობ კომპანია - "როსნეფტი."
ნაყარი ტვირთების ტერმინალს პეის ჯორჯია ფლობს, ტერმინალის გასაფართოებლად აქ ახლა 100 მლნ. დოლარის ქართულ -ამერიკული ინვესტიცია იდება, თუმცა მედიაში ხშირად საუბრობენ, რომ პროექტის უკან არაფორმალურად ოთარ ფარცხალაძე დგას.
ფოთის პორტში პირდაპირი ინტერესი აქვს ვანო ჩხარტიშვილსაც, მის სახელი პორტში მდებარე მარცვლეულის ტერმინალი უკავშირდება, ასევე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც, რომელიც ჩინურ კორპორაციას ეკუთვნის, მაგრამ მას ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთობლივად მართავდნენ და სადაც პოლიტიკურ მეორედ მოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობდა.
კიდევ ერთი პორტი კი სადაც ვითარებას სწორედ ვანო ჩხარტიშვილი და ასევე ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებენ ბათუმია. როგორც "ჰაბ ჯორჯიაში" აცხადებენ, ბათუმის პორტს სწორედ ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი მართავს. სამოქალაქო სექტორი ფოთში არსებულ კლანურ-ოლიგარქულ მმართველობაზეც საუბრობენ, რომლის უკანაც ყოფილი პრემიერის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მოიაზრება.
ანაკლიის პორტს რომ ქვეყნის ხელისუფლებაში და ბიზნეს ელიტაში მტრები ნამდვილად ყავს, ეთანხმებიან ოპოზციის წევრებიც.
ანაკლიის კონსორციუმში კი მიაჩნიათ რომ ახალი პორტი არავის კონკურენტი არ იქნება, რადგან საქართველოსთვის ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტის უმთავრესი ფუნქცია საკონტეინერო მომსახურება იქნება. ეს კი ის სეგმენტია სადაც ყველაზე მეტი ზრდა ფიქსირდება. იმ ფონზეც კი როცა ზოგადად ტვირთების მოძრაობა კლების ტენდენციით ხასიათდება, კონტეინერების გადაზიდვა წლიდან წლამდე 15-20%-ით მატულობს და ამ დინამიკით 2020 წლიდან ვერც ერთი დღეს მოქმედი პორტი გაზრდილ ნაკადს ვეღარ აუვა.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.