19 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"90-იანი წლების შემდეგ საქართველოს ასეთი აქტიური პარლამენტი არ ჰყოლია" - კობახიძემ 

90-იანი წლების შემდეგ საქართველოს ასეთი აქტიური პარლამენტი აღარ ჰყოლია - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან 100 დღის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. 

პარლამენტის სპიკერი აცხადებს, ახალმა რეგლამენტმა გაზარდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. გასული 100 დღის განმავლობაში დეპუტატებმა დასვეს 225 სადეპუტატო შეკითხვა, 10-ჯერ მოუსმინეს მინისტრებს, და სამჯერ გამოიყენეს ინტერპელაციის წესი.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი ალბათ 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 10 დღის განმავლობაში და ეს არის რა თქმა უნდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების და პირველ რიგში რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში. დაინერგა ახალი ინსტრუმენტები, რომელიც ხელს უწყობს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით ზედამხედველობის სფეროში, მაგრამ ასევე კანონში მოქმედების სფეროში. ჩვენ ყველა ერთად ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო ზედამხედველობასთან, ინერგება ახალი ინსტრუმენტები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეფორმების და არსებული ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. 

„რამდენადაც ვიცი პარლამენტის დღის წესრიგში უკვე შეტანილია რამდენიმე საკითხი მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება - ეს ის ამოცანებია, რაზეც ველით, რომ პარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მოუთმენლად ველი რა დასკვნები გაკეთდება,“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები