„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ, დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
პარტიაში აცხადებენ, რომ თავის დროზე ზღვარი 200 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შემოტანაზე დაწესდა, დღეს კი 200 დოლარის ექვივალენტი უკვე 500 ლარს აჭარბებს.
ოპოზიციური პარტიის ინიციატივას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც.
ზღვარის გაზრდას არ იზიარებენ მთავრობაში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია იმის ადმინისტრირება, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის.
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.
„ევროპული საქართველოს“ წევრები ინიციატივას ლარის კურსის გაუფასურებით ხსნიან და აცხადებენ, რომ მეორე მოსმენაზე დეპუტატებს მინიმალური მარჟის 700 ლარამდე გაზრდას შესთავაზებენ.
"ინიციატივა განპირობებულია იმით, რომ უამრავი საქონელია, რომელიც საქართველოში არც იწარმოება არც იმპორტიორებს არ შემოაქვთ. მოქალაქეები კი ვერ იწერენ იმის გამო რომ ის შეიძლება აღემატებოდეს 300 ლარს. ზღვარის აწევა ძალიან დიდი შეღავათი იქნება ათი ათასობით მოქალაქისთვის,"-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება რისკებს და მაღაზიების ზარალს, რომლებიც იმპორტირებულ საქონელს ყიდიან. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" გაიზიარებს ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესების შესახებ, მაღაზიებს გამოწერის გაიაფებით, ზარალი აღარ მიადგება.
"არის კითხვა, ხომ ხომ არ დააკლდებათ შემოსავლები მაღაზიებს, ეს ინიციატივა ნაწილი იყო პაკეტის, რომელიც მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. თუ ეს შეღავათები დაწესდება, მაშინ მაღაზიები არ დაზარალდებიან, როდესაც მოქალაქეები ტანსაცმელს გამოიწერენ. ჩვენ ზოგადად მომხრე ვართ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შეღავათი დაუწესდეს,"-განუცხადა "რუსთავი2"-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.